მაია ცქიტიშვილი რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. საგზაო და სხვა სახის სამუშაოებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ონის მუნიციპალიტეტში, ავარიულ შენობაში განთავსებული უნიკალური ექსპონატებიც დაათვალიერა.
ვიცე-პრემიერმა ადგილობრივებს გააცნო გადაწყვეტილება მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5,5 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
„ქვის და ბრინჯაოს ხანის 14 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია აქ განთავსებული. ამიტომ, ერთობლივად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ეროვნულ მუზეუმთან და ონის მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ძვირფას კოლექციას აუცილებლად სჭირდება ისეთი სივრცე, რომელიც ამ ექსპონატებს საუკეთესოდ წარმოაჩენს და დამთვალიერებელიც კომფორტულად იგრძნობს თავს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წინა საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა, მაგრამ შენობა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა.
ახალ, ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.